საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“

2008 წლიდან „კავკასიური სახლი“ ევროპული ფონდის HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კავკასიის კულტურის, ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, რელიგიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიის თუ სხვა საკითხებზე.

ციკლებად წარმოდგენილი სემინარების რიგი ეძღვნება: ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ქართველებს, აფხაზებს, აბაზებს, უბიხებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, დაღესტნის ხალხებს...

სემინარებზე მოხსენებებს კითხულობენ კვალიფიციური ექსპერტები; ეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, გამოფენები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და უფროს კლასელებისათვის.  

 

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს როგორც ქართველი ახალგაზრდობა, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნლები, ვინაიდან ლექცია-სემინარები, ასევე დისკუსიები ტარდება ქართულად.

 

სემინარებში მიიღებენ მონაწილეობას აგრეთვე უნარშეზღუდული ახალგაზრდები.

 

გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

 

ჩვენი მსმენელების ინტერესების გათვალისწინებით, პროექტის ფეისბუქ-ჯგუფში აიტვირთება სტატიები, კვლევები საარქივო მასალები კავკასიის ხალხების ისტორიის, ეთნოგრაფიის, ქართულ-კავკასიური ურთიერთობების, ასევე გამოჩენილი კავკასიელების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.

მაგრამ ჩვენი მუშაობა ამით არ შემოიფარგლება; მსმენელები ნახავენ ონლაინ-ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კულტურული ძეგლების, მუზეუმებში დაცული საინტერესო ექსპონატების შესახებ. მათ აგრეთვე ეძლევათ შესაძლებლობა, ნახონ „კავკასიური სახლის“ მიერ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები და იმსჯელონ იქ წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ ჩვენს ონლაინ-პლატფორმაზე.

 

 „სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია ასევე სთავაზობს ჩვენს მსმენელებს, მიხედვით მოამზადონ ესეები, ჩანახატები, ასევე მოგვაწოდონ მოთხრობები, ლექსები, თარგმანები, რომელთაც ჩვენი სპეციალისტები გაუწევენ სათანადო რედაქტირებას, რის შემდეგაც ისინი აიტვირთება ჩვენს ჯგუფში, მათგან გამორჩეულები კი წლის ბოლოს დაიბეჭდება პროექტის სტუდენტურ ალმანახში „ჩვენი სამყარო“.

 

ამის გარდა, მსმენელებს ვთავაზობთ, თვითონ გადაიღონ მინი დოკუმენტური ფილმები მათ რეგიონში არსებული კულტურული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. თუ თქვენ ვერ შეძლებთ მათ დამონტჟებას, ამას თქვენთან კონსულტაციით გააკეთებენ ჩვენი გუნდის წევრები.  

 

მთელი წლის განმავლობაში „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის წევრები მზად არიან, უპასუხონ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს პროექტის მიმდინარეობის, ასევე თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის სასურველ თემებზე.

 

სასწავლო წლის განმავლობაში „სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია და მისი რეგიონული თანაკოორდინატორები ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში თბილისში, წეროვანში, თელავში, ყვარელში, ახალსოფელში, ხაიშში, ნუკრიანში და სხვაგან მუდმივად კავშირში არიან მსმენელებთან და კონსულტაციებს უწევენ მათ.

„სახალხო უნივერსიტეტის“ განვლილი წლის მუშაობის შესახებ იხილეთ იხილეთ მასალები მითითებულ გვერდზე: https://www.facebook.com/groups/2793324977393039

 

 

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი ფუნქციონირებას იწყებს ყოელი წლის თებერვლის თვიდან და გრძელდება წლის ბოლომდე. სწავლა უფასოა, ასაკზე შეზღუდვა არ არის. მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართებზე: tujuxu@gmail.com; beroshvilimixo@gmail com; ტელეფონები: 577 202 103, 577 33 7172

თარიღი: 02/12/2023